კირკეს ღორები

ახალი წლიდან თბილისის ქუჩებში „ნუგეშის“ ჯიხურები გამოჩნდა. თავდაპირველად, შეღავათიან ფასებში მოვაჭრე ქსელი, პენსიონერებსა და ხელმოკლე მოსახლეობაზე იყო გათვლილი. „ნუგეშის“ ჯიხურებით დღეს ნებისმიერ თბილისელს შეუძლია სარგებლობა.

ნუგეში – ისეთი რამ (სიტყვა, მოქმედება..), რაც ადამიანს დაამშვიდებს, რისამე რწმენას, იმედს ჩაუნერგავს. ნუგეში თავმოჭრილ მკვდარსაც ეთქმისო.

                                      ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

გემახსოვრებათ, „ოდისეაში“, კოლხმა ქალღმერთმა კირკემ, თავის კუნძულზე, როგორ მიიღო ოდისევსის თანამგზავრები, როგორ აქცია ისინი ღორებად და ოდისევსმა როგორ აიძულა კირკე, ღორები კვლავ ადამიანებად ექცია. ბერძნული მითოსის ეს ცნობილი ეპიზოდი, იანვარში, თბილისში სოკოებივით ამოსულმა „ნუგეშის“ ჯიხურებმა გამახსენა. პირველ ხანებში მათ მომხმარებელთა კატეგორიას პენსიონერები, დევნილები, მრავალშვილიანი ოჯახები და სახელმწიფო დახმარების პროგრამაში ჩართულები_ერთი სიტყვით, „ლიბერთი ბანკის“ სოციალური ბარათის მფლობელები შეადგენდნენ. ჯიხურებთან სასოწარკვეთილი ადამიანების დაუსრულებული რიგი, თვალშისაცემს ხდიდა, ჩვენს გვერდით დამშეულთა და ღატაკთა სოლიდურ რაოდენობას. ამ ნოვაციით ხომ ქალაქის ხელისუფლებამ 10-20%-ით ნაკლები ღირებულების პროდუქტის შეძენის პერსპექტივა გააჩინა და როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი გაანაწყენა. ამ გარემოებამ და ჯიხურებს მისეული ხალხის სიმრავლემ, იდეის ავტორები დააფიქრა და „ნუგეშის“ ჯადოსნური კარი ყველასათვის გახსნა. ამ ამბავმა უჩვეულო ფასწარმოების გამო, ამჯერად სურსათის დანარჩენი მაღაზიის მფლობელები გაანაწყენა, მას შემდეგ ვაჭრობენ თბილისელები შედარებით იაფად „ნუგეშის“ ქსელში და წარმოდგენაც კი არა აქვთ, რომ  უკვე ნანახი აქვთ სერიები ტრაგიკომედიიდან „უფასო სასადილოები“ და „ვაუჩერიზაციის ახალი ტალღა“, ვერც იმას ამჩნევენ, რომ სერიალს ერთი  და იმავე რეჟისორისა და სცენარისტის ხელი ეტყობა და რომ ყველა „კონოფილმს“ ხაზგასმითი მასობრიობა და ყალბი პათეტიკა ახასიათებს. მარტო იმ დაპირების ასრულება რად ღირს, რითაც საქართველოს ყველა ქალაქი და რაიონული ცენტრი, ობობას ქსელივით მოქარგეს უფასო სასადილოებით. მაშინ გულუბრყვილოდ უხაროდა მთელ ქვეყანას, თავისი დიდი და მშიერი ნაწილის სამადლოდ დაპურება. სერიალის პათეტიკა თებერვალში უფრო მაჟორული გახადა დანოყივრებული ჩინოვნიკების 20 ლარიანი ვაუჩერების ისტორიამ. პირველად სწორედ ამ დროს შემეშინდა „კირკეს სინდრომისა“ მივხვდი – ღორებივით, ცხოველური ინსტიქტებისკენ მივექანებოდით.

თბილისში „ნუგეშის კუნძულებად“ გაბნეულ 36 ჯიხურს, რომ ძლიერი და გავლენიანი პატრონი ყავს, ამაში ჩემს კითხვებზე პასუხგაუცემლობამ დამარწმუნა. ვერც მერიაში და ვერც ფირმა „ნუგეშში“ მივიღე პასუხი   გაჩენილ კითხვებზე: როდის შეიქმნა ფირმა „ნუგეში“? როგორ შეძლეს მფლობელებმა ყველასათვის გაძვირებული სურსათით შეღავათიანი ვაჭრობა? დედაქალაქში, ერთი ფირმის მიერ თუ მოიძებნა ამის საშუალება, რატომ გახდა მიუღწეველი რეგიონების უფრო დამშეული მოსახლეობისათვის ამ ფორმით ნუგეშის გამოხატვა? იგეგმება თუ არა „ნუგეშის“ ტირაჟირება სხვა ქალაქებსა და რეგიონებში? თუ გაძვირებულ და კრიზისულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მსოფლიო ვერ ახერხებს შეღავათიანი ფასებით სურსათით ვაჭრობას, როგორ მოახერხა თბილისის მთავრობამ კომერციული ფირმის დაყოლიება წამგებიან წინადადებაზე? ხელისუფლების დადგმული, ტრაგიკომიკური ჟანრის სოციალური სერიალები იმის საფუძველს ნამდვილად იძლევა, ვიფიქრო – ხომ არ ეკუთვნის ფირმა თავად „ძლიერთა ამა ქვეყნისა“? მონოპოლისტი ფირმების კარგად ნაცნობი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხომ არ გვაქვს საქმე პროდუქციაზე ფასებით მანიპულირებასთან? მაგრამ, სანამ დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე რეგისტრირებული ფირმა „ნუგეშის“ დირექტორი – შოთა ბასილაშვილი და მერიის ხელმძღვანელობა, პარტიზანული დუმილის რეჟიმში ამჯობინებენ ყოფნას, ცხადია კითხვები მოიმატებს და ვარაუდებიც მრავლად გაჩნდება. ჩვენ კი, სულ უფრო ხშირად გავხდებით მოწმე იმისა, თუ როგორ კარგავენ ჩვენს გარშემო დამშეული და დაშინებული, დაბნეული და ყველასგან დავიწყებული ადამიანები ღირსებას, თავმოყვარეობას, საღად განსჯისა და მოვლენებზე ადეკვატური რეაგირების უნარს. ლუკმა-პურის ძიება-მოლოდინში, როგორ იქცევიან ზოგნი მაიმუნებად, ზოგნი მგლებად და ზოგიც კირკეს ღორებად.

არ მასვენებს ქალღმერთი კირკეს და ღორებადქცეული ადამიანების ისტორია. მითოლოგიური თემიდან ისტორიულ-დოკუმენტურ ექსკურსს შემოგთავაზობთ და უცნობის მონათხრობ, სტალინის ერთ ისტორიას მოგიყვებით.  დედის სიკვდლის შემდეგ, საბჭოეთის დიადი ბელადი, დიდხანს არ ყოფილა საქართველოში ნამყოფი. სიბერეში შესულს, გორის მონახულება მოუსურვებია და სპეცმატარებლით ჩამოსულა კიდეც. გორთან ახლოს, მატარებელი უეცრად შეჩერებულა. გაიგეს ხალხმა თქვენი ჩამობრძანება და შესახვედრად დაძრული გადაადგილების საშუალებას აღარ გვაძლევსო – მოუხსენებიათ ბელადისთვის. ვაგონიდან გამოსულ სტალინს, კიბეებზე შემზარავი სურათი დახვედრია: ხალხი .რკინიგზის ლიანდაგებსა და ვაგონს, კიბის საფეხურებსა და სტალინის ჩექმებს ლოშნიდა. ამის შემხედვარე სოსო ჯუღაშვილი სწრაფად შებრუნებულა თავის ვაგონში და დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება უბრძანებია. ვინ იცის, ბერძნულ მითოლოგიაში კარგად განსწავლულ დიქტატორს, სწორედ კირკეს ეს ისტორია გაახსენდა. მან თვალნათლივ დაინახა მის მიერ ღორებად ქცეული ადამიანები, რომელთაც უკან, ადამიანებად ვეღარასოდეს აქცევდა. ამგვარი მეტამორფოზა კირკემ შეძლო – გრძნეული ქალღმერთი იყო და იმიტომ.

ქეთი ბოხუა

 P.S.. ისე, კირკესაც განუცდია ფიასკო. ლეგენდის ერთი ვერსიით, კირკემ ოდისევსსა და გმირებს  შეჭამანდში ჯადოსნური წამალი შეურია და სამშობლო დაავიწყა. ქალღმერთმა ერთი წლით მიზანსაც მიაღწია, მაგრამ ოდისევსი გონს მოეგო და მაინც თავის გზას დაადგა.

თბილისური ვარსკვლავთწყვეტა

 „შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,

    ქორონიკონის კენტი და ლუწი..“

                                   ი.გრიშაშვილი

გახსოვთ ალბათ, შარშან, ოქტომბერში, ნაციონალური ტელეარხების პათეტიკური განცხადება, თბილისისთვის 12 ვარსკვლავიანი ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რასაც პიარ-ღონისძიებების კასკადი მოჰყვა. მართალია, თბილისელებს ვერ აუხსნიათ ამ 12 ვარსკვლავის „ქარაგმა“, მაგრამ ამას ხელი როდი შეუშლია თვითკმაყოფილებით ტკბობაში, გამარჯვების ეიფორიაში მყოფი ქალაქის ხელისუფლებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ „მესამე სამყაროს“ განვითარებად ქვეყანას წარმოვადგენთ, თბილისისათვის არ არის უცხო სასტუმროებისა და რესტორნებისათვის ვარსკვლავების მინიჭების თემა და ძირითადი პარამეტრები. ამ შემთხვევაში კი, გაუგებარია, თუ რას უნდა ნიშნავდეს 12 ვარსკვლავი, შეფასების რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს და საერთოდ, ვის ვაჯობეთ და რა დამსახურებისათვის გავიმარჯვეთ?

როგორც თბილისის მერიაში გაირკვა, ევროსაბჭოს ინიციატივით 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება „ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული“, რომლის მიზანი ადგილობრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე მეტი ინფორმაციის მიღება (!) და ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მჭიდრო თანამშრომლობა (!) ყოფილა. 2010 წლის  „ევროპული კვირეული“ კლიმატური პირობებისა და უსაფრთხო გადაადგილების საკითხებზე გაიმართა. საგულისხმოა პირობა, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, კვირეულზე წარმოდგენილი  ქალაქი „აღთქმულ“ 12 ვარსკვლავს ღებულობს. ეს პირობა კი, იმ ღონისძიებების ჩამონათვალი აღმოჩნდა, რომლებიც კვირეულის თამატიკას სრულად უნდა აკმაყოფილებდეს. წარმოვიდგინე როგორ ჩაიცინებდა ამის გამგონე, თბილისის ფოლორცი ხელისუფლება და არც ამ საჩვენებელ „ივენთებს“ (იგივეა, რაც ღონისძიებები, ოღონდ ისე, როგორც ეს ევროპა-აშშ-თან დაახლოვებას შეეფერება ავტ.) დაუგვიანია. ერთი სიტყვით, ჩვენთვის ახალი არაფერი: იყო სტუდენტების ველორბოლა, სადაც ჯანმრთელი ცხოვრების წესის დემონსტრირება თვით გიგი უგულავამ იტვირთა და სტუდენტებისათვის  წყლის გასაფილტრი ობიექტების ჩვენება, და სხვა და ა.შ. როგორც ირკვევა, თბილისის ქუჩებში უსაფრთხოების კუნძულებისა და შუქნიშნების ახალი სისტემის, რკინის საფეხმავლო გადასასვლელების ოპერატიული მონტაჟიც 12 ვარსკვლავის მოსაწყვეტად დაჩქარებულა.

შეშფოთებას გამოვთქვამ ევროსაბჭოს არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო და გულწრფელად მეცოდება, თბილისის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე სრული ინფორმაციის მიღების სურვილით განმსჭვალული ევროსტრუქტურა. ჩემდა წილად კი, მინდა  ვაცნობო, რომ მათთვის არაფერი მოუხსენებიათ ჩვენი ქალაქის ქუჩებში გამონაბოლქვის ყველა ზღვარს გადასული ხარისხობრივი მაჩვენევბლის შესახებ, რის გამოც უბედურების ზონად გამოცხადდებოდა ნებისმიერი ევროპული ქალაქი. არც ის შეუტყობინებიათ, რომ  მერიის მიერ რესტავრირებულ ძველ თბილისში, „თათრის მოედანზე“ და აღმაშენებლის გამზირზე ისე ძირფესვიანად ამოუძირკვავთ ასწლოვანი ჭადრები, ხე აღარ დარჩა წამლად. არავის უთქვამს ევროპელი მეგობრებისთვის, რომ უსაფრთხოების ევროპულ კუნძულებსა და წამმზომიან შუქნიშნებს ფერი ეკარგებათ, როცა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება მარტო ერთი მიმართულებით, 40 თეთრის ნაცვლად 1 ლარი უჯდებათ თვალში ნაცარშეყრილ, უმუშევარ თბილისელებს. და საერთოდ ვარსკვლავოსანი ქალაქის ქუჩებში გადაადგილება ევროპელების უკიდურესი შეშფოთების ზღვარს დიდი ხანია გასცდა. როგორც ჩანს, უკმარისობის გრძნობა დედაქალაქის ხელმძღვანელებსაც არ ასვენებთ და სწორედ ამიტომ, „ვარსკვლავბიჭუნები“ წელსაც ღებულობენ მონაწილეობას ევროსაბჭოს ვარსკვლავურ შეჯიბრში, ოღონდ ამჯერად გამარჯვებული ქალაქი,  ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხით შეფასდება. წარმომიდგენია რა ხელდაკაპიწებული სამუშაო ელოდებათ ჩვენ ევროპელ მეგობრებს! მარტო გონივრული ეჭვის საფუძველზე, სულ ახლახან დაკავებული ძმები ლულაძეების ისტორია, ანდა 23 წლის პატიმრის უეცარი და აუხსნელი სიკვდილი რად ღირს, სხვა უკანონო ქმედებებზე და წამება-ღირსების შელახვაზე, რომ არაფერი ვთქვათ! ოქტომრამდე კი, იმედი მაქვს ნულოვანი ტოლერანტობით ზეაღტაცებული ქალაქის მესვეურები უფრო გაიმდიდრებენ სავარსკვლავედ დაგროვილ გამოცდილებას.

მანამადე კი, „ახალქარაგმააუხსნელი“ თბილისელები, დადიან 12 ვარსკვლავიან ევროპულ ქალაქში ფეხით და წარმოდგენაც კი არა აქვთ, თუ როგორ იზრუნა მათ ჯანმრთელობაზე ქალაქის ვარსკვლავოსანმა ხელისუფლებამ,  „დემოკრატიის ევროპული კვირეულის“ ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხარკის გადასახდელად.

P.S, კლიმატური პირობებისა და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 12 ვარსკვლავიანი თბილისი, დაეწია და გაასწრო პარიზს, ლოზანას, ბრიუსელს, სტრასბურგს, ანტალიას, კატოვიცას და ევროპის სხვა ქალაქებს. 

ქეთი ბოხუა

ქალაქი, რომელშიც ქურდები ლომებმა შეცვალეს

განახლებული ძველი ქუთაისის ცარიელი შენობები უფუნქციოდ დგას და საპარლამენტო დედაქალაქად გადაქცევის მოლოდინში, ახალ სიცოცხლეზე ოცნებობს

 

მივხვდი, რაშიც არის ქუთაისის მთავარი ხიბლი! ის პიპინიასავით დარბაისელი,  აგულივით აწკეპილი და აკიმივით მაკვარანცხია. მთავარი კოზირი კი ხალვათი – მსუსხავი იუმორია. ამჯერადაც სწორედ ამ ხალვათი იუმორის სუსხი შემომეფეთა – რას გვერჩიან თუ იცი, რატომ უნდა შეგვშუშონ? – იკითხა ერთმა და მშენებარე პარლამენტის შენობის  ფერადი მინის მაკეტისკენ მიმანიშნა.

მივდიოდი თამარ მეფის ქუჩაზე და ცალ ყურში თითქოს ვაჟას – „გზას ვამბობ, თორემ რა გზაა..“ – მესმოდა, მეორით კი ხელისუფლება მაბრუებდა გზების მშენებლობაში მიღწეული წარმატებებით. მე კი, სპორტული მონაცემებით გაკვირვბული, გუბეებზე კენგურუსავით დავხტოდი.

ესეც ძველი და გაახლებური  ქუთაისი! მართლაც შვენის ფერუმარილი, მაგრამ მაკიაჟს მკვდარსაც უკეთებენო – მომახალეს. დიდად არ შემცდარან. ასწლოვანი და მეტი ხნის ლამაზი შენობები უფუნქციობის გამო, სცენის დეკორაციებს წააგავდა. შემისწორეს – დეკორაციას სპექტაკლის დროს მაინც აქვს დატვირთვა, ეს ლამაზი უბანი კი, როგორც ჩანს, ვერც სხვისთვის გაიმეტეს და თვითონაც ვერ ერევიანო. კი აქირავებენ, მაგრამ მაგ ფასებს ვინ შეწვდებაო. მართლაც, სიცოცხლე აკლდა 2 წლის წინ აღდგენილ ძველ უბანს, ისეთი სიცოცხლე, ბამბის რიგს და შარდენს, ანდა ძველ ბათუმს რომ დაჰკრავს. ამიტომაც მოგვშტერებოდა სიცარიელე რესტავრირებული სახლების გამობინული სართულებიდან.

გამახარა კინოთეატრ „რადიუმის“ განახლებამ. დანამდვილებით ვიცი, მისი დაარსების თარიღი 1910 წელია და ფასადზე გაკეთებული წარწერა – 1911 წ. რაზე უნდა მიგვანიშნებდეს ნეტა? 1912 წელს სწორედ ამ ისტორიულ შენობაში გაიმართა ვასილ ამაშუკელის პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „აკ.წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ პრემიერა. მერე კომუნისტებს „რადიუმი“ „კომუნით“ შეუცვლიათ, მაგრამ ისტორიულ კინოთეატრზე პირველი ქართველი კინო-მოღვაწის ბარელიეფი და მემორიალური დაფა დიდი პატივით გაუხსნიათ. („რადიუმის“ დაარსებიდან ვ. ამაშუკელი სიკვდილამდე იქ მსახურობდა ავტ.). დღეს ბარელიეფი უკვალოდ არის გამქრალი. უკვალოდ შეიძლება გაქრეს არქიელის გორაზე, ბაგრატის ტაძრის გვერდით მდებარე ამაშუკელების  საგვარეულო სახლი, რომელიც ამაოდ ელის მუზეუმის სტატუსს. უკვალოდ გაქრა ქუთაისის 8 კინო-თეატრიც (6 მათგანი 2-2 დარბაზით), რის გამოც ფილმების ჩვენება ზოგჯერ ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში იმართება ხოლმე. არც განახლებულ „რადიუმში“ უჩანს პირი, მისი პირვანდელი ფუნქციის დაბრუნებას.

შარშან, 29 დეკემბერს, ოპერის განახლებული შენობის გასახსნელად ქუთაისში ჩასულ პრეზიდენტს უეცრად თი-ბი-სი ბანკის განახლებული შენობის გახსნა მოუსურვებია. ამტყდარა ფორიაქი ფილიალებიდან საახალწლო ნაძვის ხეების ფართხა-ფურთხით გადმოსაზიდად და სახელდახელო ფიცარნაგის დასაგებად. მართალია, შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ოპტიმიზმით გაჯერებული შეძახილები არ დაკლებია, მაგრამ ის დღე იყო და ის დღე, მას მერე ბანკის ახალი შენობის კარი გაღებული არავის უნახავს.

ქუთაისის ცენტრში დგას გასული საუკუნეების 50-იანი წლების მონუმენტური ნაგებობა-სასტუმრო „ქუთაისი“. 2008 წელს იქ მცხოვრები დევნილების გამოსახლების შემდეგ, ქალაქში ხმა დარხეულა, შენობა წარმოშობით ქუთაისელმა, სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ბიზნესმენმა ბადრი კაკაბაძემ იყიდაო, მაგრამ ვინ აცადა ბადრის? ოპერის დასრულებისთანავე, მეზობელი სასტუმროსთვის კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარებიათ და როგორც სხვა დანარჩენი შენობები, ისიც ჩაურაზავთ და უფუნქციოდ დაუტოვებიათ.

ქუთაისის ისტორიულ, კათოლიკურ უბანში, ყოფილი კათოლიკური ეკლესიის მახლობლად, რიონს გადაჰყურებს ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი. 80-იან წლებში დაარსებული მუზეუმი უკვე სამი ათეული წელია, თან ატარებს მემორიალური სახლის სრული რესტავრაციისა და მიმდებარე ნანგრევებთან მისი ადაპტაციის სურვილს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამჟღავნებული ისტორიული შენობის საძირკვლის გამო, მუზეუმი ბევრჯერ გამხდარა სხვადასხვა დაინტერესებული პირის სამიზნე. ერთიანი სამუზეუმე სივრცის სწორად ასათვისებლად საუკეთესო პარტნიორები  ზ.ფალიაშვილის პრემიის ლაურეატები: ლიანა ისაკაძე, მაყვალა ქასრაშვილი, ზურაბ სოტკილავა და ანზორ ერქომაიშვილი იყვნენ, მაგრამ არც მათ დააცადეს. ქუთაისში იმასაც ყვებიან, თუ როგორ შეუშალეს ხელი და არ ჩაატარებინეს ლიანა ისაკაძესა და პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო კონცერტი, საიდან შემოსული თანხაც სწორედ მუზეუმს უნდა მოხმარებოდა. ისტორიულ საძირკველს დღესაც მუშტრის თვალით უცქერიან და თუ დროზე ვერ მოახერხა მუზეუმმა მისი ათვისება, არ არის გამორიცხული, სულ მალე ფალიაშვილების ნაფუძარზე გოგისვანიძეების ან სხვა რომელიმე გვარის რესტორანი, ან კაზინო ვიხილოთ.

არ მინდოდა პარლამენტის მშენებლობის უნახავად დამეტოვებინა ქუთაისი. ახლო კორპუსიდან დანახულმა მშენებლობამ კიდევ ერთხელ გამახსენა ენაკვიმატი ქუთაისელის „შეშუშული შენობები“ და ოპერის ქონგურებზე შემოსკუპული ლომებით შთაგონებული ფრაზა – ადრე თუ ქურდები უყურებდნენ ქუთაისს, ახლა ლომები უყურებენო. არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ ჩემთვის ამ ქალაქის ხიბლი იმაშია, რომ ის პიპინიასავით დარბაისელი, აგული ერისთავივით აწკეპილი და აკიმივით მაკვარანცხია.

 

ქეთი ბოხუა

 

რეპორტაჟი ქუთაისიდან

ქუთაისური ამბები  ანუ აურზაური ბევრი რამის გამო

დაიბეჭდა გაზეთ „დრონი“–ში


შარშან, 29 დეკემბერს, მოულოდნელად გაიხსნა ქუთაისის საოპერო თეატრი. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბალანჩივაძეების სახელი უწოდა მას და მუზიკჰოლადაც გამოაცხადა. ამის გამო ატეხილი აჟიოტაჟი ქუთაისში დღემდე არ ცხრება.

თებერვლის ქუთაისი სავარდო და სამაისო რომ ვერ იქნებოდა, ცხადია ვიცოდი და სუსხიან

დილას ქუთაისის რეკონსტრუირებული ოპერის თეატრის ირგვლივ ერთი თვის წინ დატრიალებული გაუგებრობის დასაზუსტებლად მოვემზადე. საკითხი შეეხება  მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერის  თეატრის მუზიკჰოლად გადაკეთებას. როგორც თეატრის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა მიამბეს, ყველაფერი გასული წლის 27 დეკემბერს დაწყებულა. მაშინ, როცა ვენის შტაატს ოპერის ანალოგზე (რა თქმა უნდა მცირე მასშტაბით) გარემონტებული ქუთაისის საოპერო თეატრის, ჯერ კიდევ, საღებავშეუშრობელ შენობაში ლეონკავალოს „ჯამბაზები“ ჩააბარეს. სპექტაკლის ჩვენებას დასი ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო  ჩქარობდა, რითაც მომავალი პრემიერისთვის ერთგვარ განაცხადსაც აკეთებდა. სპექტაკლის წარდგენას, მაღალ ეშელონებშიც დაუჩქრებია პროცესები.  მეორე დღეს დასისთვის ცნობილი გახდა, რომ 1 დღეში – 29 დეკემბერს პრეზიდენტი თეატრის  გახსნას და მუზიკჰოლად გამოცხადებას აპირებდა. ერთ-ერთ მიზეზად კი პატრიარქის რუსთაველის პრემიით დაჯილდოებას ასახელებდნენ. ქუთაისის საოპერო თეატრის მმართველი როზა დვალიშვილი აღიარებს, რომ მისთვისაც ახალი ამბავი იყო ორი დღით ადრე   რეკონსტრუირებული თეატრის გახსნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ვინ იყო ავტორი, ამის გასარკვევად ხან სამინისტროსკენ მიგვითითებს, ხანაც აღნიშნავს, რომ არც მათ მიუღიათო ესოდენ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. (ქვეყანაში ვინ ღებულობს ამგვარ გადაწყვეტილებებს ძნელი მისახვედრი როდია ავტ.).როგორც სამინისტროს ინიციატივით თბილისიდან გაგზავნილ კონცერტის რეჟისორს, თბილისის ოპერის თეტრის მმართველს – დავით საყვარელიძეს განუცხადებია, კონცერტზე ნიკა მემანიშვილის ორკესტრს უნდა დაეკრა ქუთაისის ოპერის ორკესტრის ნაცვლად, ოპერის სოლისტების ადგილი კი სცენაზე სოფო ნიჟარაძეს უნდა დაეკავებინა ლელას პარტიით რ.ლაღიძის ოპერა „ლელა“დან, მარიამ როინიშვილს კი პატრიარქის საგალობლები უნდა შეესრულებინა.

როგორც დასის რამდენიმე წევრი იხსენებს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეაშფოთა დასი და პროცესებმაც აღარ დააყოვნა; 28 დეკემბერს დილითვე შეკრებილან სოლისტები, ორკესტრი, გუნდი და ტექ-პერსონალი 200-დე კაცით. პროტესტი სიმბოლურად, საოპერო სცენაზე დასხდომითა და საპროტესტო  გამოსვლებით გამოუხატავთ. მათ ხმამაღლა განუცხადებიათ, რომ არ აპირებდნენ მუზიკჰოლისათვის თეატრის დათმობას და თუ პროტესტის ეს ფორმა არ იკმარებდა, გადავიდოდნენ ქუჩაში და საჭიროების შემთხევაში ქალაქის შემოსასვლელებსაც გადაუკეტავდნენ პრეზიდენტს. დასის გადაწყვეტილება და განწყობა თეატრის მმართველმა როზა დვალიშვილმა დასისავე მოთხოვნით სამხარეო ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ აცნობა. თეატრის კოლექტივს ოპერატიულად შეხვდა პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში ლაშა მაქაცარია, ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე და ქუთაისის საკრებულოს თავ-რე ამირან ხვადაგიანი. დასმა გააპროტესტა ხელმძღვანელობის შემოთავაზება ერთ თეატრში ორი დასის თანაბარ რეჟიმში არსებობის არასასურველი პერსპექტივის სახით. რწმუნებულმა სცადა აეხსნა, რომ დასახელების ცვლილება არსებითად არაფერს შეცვლიდა, რადგან თურმე მუზიკ-ჰოლში ოპერა თავისთავად მოიაზრებოდა.იმავე აზრს იზიარებს ქუთაისის საოპერო თეატრის მმართველიც და მიიჩნევს, რომ ამაში ტრაღედიას ვერ ხედავს და მუზიკლები მართლაც დაიდგმება მათ თეატრში ოპერების პარალელურად. იქვე პროტესტანტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს   საოპერო თეტრის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტის ჩასატარებლად თბილისიდან ჩამოყვანილი სტუმრების მოწვევაზე. „სტუმრის დახვედრა ქუთაისს არ ეშლება, მაგრამ სად გაგონილა მასპინძელი დასი და ორკესტრი პარტერში იჯდეს და სტუმრები ხსნიდნენ საზეიმოდ ახალ ოპერას?“- აღნიშნავენ ქუთათურები.

მეორე დღისთვის ნაჩქარევად დაბეჭდილა კონცერტის მოსაწვევი ბარათები, სადაც ქუთაისის ოპერის თეატრი იწვევდა სტუმრებს ოპერის თეატრის გახსნაზე და არსად ფიგურირებდა მუზიკჰოლი. თუმცა საზეიმო სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ომახიანად გამოაცხადა, რომ იხსნებოდა ოპერის თეატრი და მუზიკჰოლი. ქუთაისში ვერ ივიწყებენ ნაჩქარევად ჩატარებულ კონცერტს იმის გამოც, რომ იმ საღამოს ოპერის სოლისტები სდუმდნენ და მიუზიკლის მოსკოველი პრიმა- სოფო ნიჟარაძე მიკროფონში ასრულებდა ლელას საოპერო ვერსიას.  ეს კი, როგორც აღნიშნავენ, დამშვიდების ნაცვლად შეშფოთების საფუძველს უფრო იძლეოდა.

ქუთაისში ჩასულმა, ოპერის თეატრს მივაშურე იმ იმედით, რომ აბრას ან აფიშას მაინც ვნახავდი და თეატრის სრულ სახელწოდებას ამით მაინც შევიტყობდი, მაგრამ ვერცერთს, რომ ვერ მივაგენი, თეატრის სალაროში შევიხედე, სადაც ოქრომჭედლებისა და ვეტ-აფთიაქის აბრა მეცა თვალში.საოპერო თეატრის განახლებული შენობის სალაროში, ჩემდა გასაოცრად, მოლარის უბადრუკი ერთი მაგიდისა და სკამის გარდა ვერაფერი ვნახე. როგორც გაირკვა, ეს ფართი არენდით გაუცია თეატრს  და მიუხედავად ესოდენ მასშტაბური რეკონსტრუქციისა, სალაროსათვის განკუთვნილი 4 კვადრატული დღემდე სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა მისი შეკეთება მიღებული განმარტებით, არ უნდა იყოს შორეული პერსპექტივა.

ცხადია, თეატრის მმართველთან შეხვდრისას პირველ რიგში ოპერის თეატრის დღევანდელი სრული სახელწოდებით დავინტერესდი, რაც ოფიციალურად ასეთია: ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრი და მუსიკალური დარბაზი. თუ რომელი ბალანჩივაძეებია ნაგულისხმევი, ალბათ მელიტონის, ანდრიასა და ჯორჯ ბალანჩინის სახელი ერთად მოიაზრებაო, განმარტა მმართველმა. ყოველ შემთხვევაში, მას რომელიმე მათგანის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, ოღონდ ამჯერადაც გადაწყვეტილება მათგან დამოუკიდებლად კულტურის სამინისტროში მიღებულა..სახელწოდების მიმართ იდენტურია დასის სამხატვრო ხელმძღვანელის და მთ.დირიჟორის რეზო ჯავახიშვილის დამოკიდებულებაც. თუმცაღა, თეატრის სახელწოდების მეორე ნაწილში დღემდე ვერ გარკვეულან. ყოველ შემთხვევაში, უხერხულობა, რომელიც მუსიკალერი დარბაზის ფუნქციას სდევს თან, თვალში საცემია მაშინაც, როცა თეატრის მმართველი დარბაზის არსებობას ღონისძიებებისა და საგასტროლო წარმოდგენებისათვის მის დათმობას ასახელებს. არადა, ამ ფუნქციის მატარებელი ყველა თეატრია და ამის გამო საკონცერტო დარბაზი მათთვის არავის დაურქმევია

ქუთაისელებს კარგად ახსოვთ ოპერის თეატრის წინ გახსნილი მედეა ამირანაშვილის, მაყვალა ქასრაშვილის, მერი დავითაშვილისა და ვაჟა კუბლაშვილის ვარსკვლავები. მათი გაუჩინარებაც აუხსნელი და გაუგებარი იყო იმ დრომდე, სანამ მმართველმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა არ დამაიმედეს 3-4 თვეში ისევ გავხსნით, ვარსკვლავები უსახური იყო და ახლები შევუკვეთეთო.

იმავე დღეს გავიგე ინფორმაცია თეატრის რამდენიმე თანამშრომლის დათხოვნის შესახებ. თეტრის მმართველთან გასაუბრებისას  კი გაირკვა, მათი რიცხვი 30-დე გაზრდილა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. იმასაც ამბობენ, ისინი თბილისიდან მოწვეული კადრებით უნდა ჩაანაცვლონო „ამ გზით უმტკივნეულოდ გაცხრილავენ  თეატრის ადგილობრივ თანამშრომლებს არასაკმარისი პროფესიონალიზმის მოტივით, მერე დროთა განმავლობაში თბილისელებს უკან გაითხოვენ და ოპერის თეტრში ახლად დაფუძნებული მუზიკჰოლიც სრულად და უმტკივნეულოდ აითვისებს ოპერის ყოფილ თეტრს და ძნელი წარმოსადგენი როდია ვინ უხელმძღვანელებს რეფორმირებულ ოპერას“ – ვარაუდობენ ქუთაისში და სოფო ნიჟარაძეზე მიანიშნებენ. ძნელი დასაჯერებელია ოპერის ამგვარი უიღბლო პერსპექტივა ოპერაზე უგონოდ შეყვარებული, ყინვაგამძლე და მასზე მოტრფიალე, ქამარშემოჭერილი მთავრობის მხრიდან.

ისე, კაცმა რომ თქვას რა არის იმაში საგანგაშო, თუ ქუთაისის ოპერის თეატრს ჩვენი სახელოვანი კომპოზიტორებისა და საქვეყნოდ ცნობილი ამერიკული ბალეტის ფუძემდებლის სახელს დაარქმევენ (თუ რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი მარტო ამერიკისთვის ხარკის გადასახდელად და სნობიზმით არ არის განპირობებული), პრინციპში არც ეს არის ტრაღედია და არც მუზიკჰოლისა და ოპერის ერთ ლამაზ დარბაზში თანაცხოვრებაა უსაშველო. დარწმუნებული ვარ გაცილებით მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაივლიდა ყველაფერი, რომ არა ხაზგასმით იგნორირება ადამიანური ღირსების, პროფესიონალებისა და ხელმძღვანელების, რომ არა დემონსტრატიული ჩვენება იმისა, რომ ისინი არავის და არაფერს წარმოადგენენ, როცა უნდათ და როგორც უნდათ ისე გაუხსნიან ან დაუხურავენ თეატრს, კნავილის უფლებასაც კი არ მისცემენ საოპერო ვოკალში გაწაფულ სოლისტებს და დაოსტატებულ მუსიკოსებს (რაც წარმატებით ჩაატარეს კიდეც). პრობლემაც იმაშია, რომ ზოგიერთის ღრმა რწმენით სწორედ ის აქტიური და ენთუზიასტი ბირთვი უნდა მოშორდეს თეატრს, ბირთვი, რომელმაც ზემოთ მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტება გაბედა, თვით სააკაშვილს დაემუქრა ქალაქის გადაკეტვით და სხვებსაც მოუწოდა ასე მოქცეულიყვნენ. ასეთები სანიმუშოდ, მაგრამ უხმაუროდ უნდა დაისაჯონ, ბუნტი არავის სჭირდება, ბუნტი ხომ გადამდებია!

P.შ… ქუთაისის ინტელიგენციას დღემდე  გველის ნაკბენივით ახსოვს 2009 წ. დეკემბერში ნინო ანანიაშვილის „ჟიზელის“ ქუთაისურ წარმოდგენაზე, როგორ ელოდნენ საქვეყნოდ ცნობილი პრიმა-ბალერინას სცენაზე გამოჩენას. პრიმა მართლაც გამოსულა სცენაზე, ოღონდ კოსტიუმის ნაცვლად ჩვეეულებრივ ფორმაში, მოუბოდიშებია: ფეხის ტრავმის გამო ვერ ვიცეკვებო, თუმცა იმ საღამოს, არც ორკესტრის ცოცხალი შესრულებით დაუფასებიათ ქუთაისელები და ბალეტს ორკესტრის ფონოგრამით ჩაუვლია. შეურაცხყოფილი მაყურებლის ნაწილს დემონსტრატიულად დაუტოვებია იმ საღამოს დარბაზი.

 

ქეთი ბოხუა

ერთი მთამსვლელის, თოქშოუსა და ერთი კანონპროექტის გამო

ქართულმა საზოგადოებამ მედიის წყალობით შეიტყო, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, მთამსვლელი გია თორთლაძე აშშ-ში გამგზავრებულა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის სამი უმაღლესი მწვერვალის დასალაშქრად და მათგან ერთი კიდეც დაუპყრია. თან წაუღია საგანგებოდ დაბეჭდილი ბუკლეტები მთავარი დევიზით – „საქართველო ოკუპანტების გარეშე“ და „რუსებო, უნდა დატოვოთ საქართველო!“,  საგულისხმოა ისიც, რომ გ.თორთლაძეს უკვე დაუტოვებია ერთ-ერთ მწვერვალზე ბუკლეტები (მერე რა, რომ არავინ იყო გარშემო ბუკლეტის დამნახავი ე.ი. ქართველი დეპუტატის თავგანწირული ნაბიჯის ჯეროვნად დამფასებელი). მთავარია, რომ ბუკლეტების პატრიოტული შინაარსი გადაიცა ნაციონალური არხებით. ე.ი. რუსები უეჭველად დატოვებენ საქართველოს და თორთლაძე უდაოდ ოკუპანტების გარეშე დატოვებულ საქართველოში დაგვიბრუნდება.

დეპუტატის პატრიოტულმა საქციელმა ასოციაციები აღმიძრა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ასევე ოპერატიულად ატაცებული თემა გამახსენა. კერძოდ, „პირველი არხის“ თოქშოუ „აქცენტები ეკა კვესიტაძესთან ერთად“, სადაც  გ.თორთლაძის მიერ „ინიცირებული“ კანონ-პროექტის – ამერიკული „პატრიოტის აქტის“ ანალოგს – „თავისუფლების ქარტიას“ განიხილვდნენ. კანონპროექტის, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა და ეჭვი ცოტას თუ ეპარება, რომ საბოლოოდ სულ მალე დამტკიცდება. მანამდე კი პატრიოტულ ფერხულში ჩაბმული პარლამენტარის  მონატრება იმ თოქშოუსა და კანონპროექტის გახსენებით მინდა გადაგატანინოთ.

გადაცემის დასაწყისში მაყურებელმა მოისმინა კანონ-პროექტის ავტორის პირდაპირი ჩართვა, სადაც იგი თავდაუზოგავად იცავდა თავის კანონშემოქმედებით პირმშოს. სტუდიაში თითო-თითო ოპონენტი იჯდა – მწერალი ლაშა ბუღაძე (პროექტის მოწინააღმდეგე) და ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი (პროექტის მომხრე). მეორე სტუდიაში კანონ-პროექტის მომხრეთა რიგებს შესაშური მონდომებით ამაგრებდა ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი.

– „ეს კანონი 20 წლის წინ, რომ მიგვეღო, ბევრად უკეთესი პოლიტიკური სპექტრი იქნებოდა დღეს – გია თორთლაძის აქცენტები – და ბევრად ნაკლები ძირგამომთხრელი გვეყოლებოდა ქვეყანაში…….. უნდა მივიღოთ ეს კანონი, რათა კომპარტიის დროინდელი ხელმძღვანელები არ მოგვევლინონ ხვალ და ზეგ თანამდებობებზე“.

საინტერესოა, რას შეცვლიდა ამ კანონის მიღება ოცი წლის წინ? ან დღეს რა შეიცვლება? ყვალასათვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ „თბილისის ომის“ დროს „კამაზებით“ გაიტანეს უშიშროების არქივი!!!. ამგვარი გაბოროტება ძველ ფუნქციონერებზე ნოდარ დუმბაძის ცნობილი ტექსტის პერიფრაზით მინდა გაგიზიაროთ – ეხ გ.თორთლაძე, კი ვიცი შენ მდგომარეობაში კაცს რა აწერინებს კანონპროექტებს: როცა შიმშილია, უმუშევრობა, და  შენ თბილად ხარ მოკალათებული პარლამენტში და თანაც დავალებული  ხარ ზემოდან ბევრით, ამას კი არა რას არ იზამ კაცი!

„ვებრძოლოთ სიმბოლოებს, ლაშა ბუღაძის აქცენტები –  ესეც საბჭოური ტრადიციაა. თანაც 2O-3O -იანი წლები და 8O-იანი წლები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან“.  ლაშა ბუღაძეს იმედია, ვერავინ დასწამებს კომპარტიისა და ლენინ-სტალინის „სისხლიანი რეჟიმის“ ნოსტალგიას. ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ მანაც და მისმა ოპონენტებმაც კარგად იციან, რომ ოთხმოციან ანდა სამოცდაათიან წლებში არავის სჯეროდა გულწრფელად კომპარტიის და პარტბილეთზე ლოცვით  არავინ იძინებდა. ისიც იციან იმ დროს ვის რა მანქანებითა და სასწაულებით  მოუხერხებია სიკეთის კეთება, ქვეყნის გადარჩენა და დღემდე მოტანა.

 „გადასახადების გადამხდელებმა უნდა იცოდნენ – თამარ  ჩერგოლეიშვილის აქცენტები – რომ მათი გადახდილი თანხა არ ხმარდება იმ სიმბოლოებს, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის განდიდებას ემსახურება. სტალინის ძეგლის მოვლას სჭირდებოდა ფული, რომელსაც ჩემი ჯიბიდან იხდიდა ადგილობრივი ადმინისტრაცია“ – აღშფოთებულმა განაცხადა ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორმა. ვეთანხმები ქალბატონ თამარს, ლეგიტიმური სურვილია დემოკრატიული აღმშენებლობის ზნემაღალ და ზნეკეთილ გზაზე შემდგარი ქვეყნის მოქალაქისთვის – ყოველმა გადამხდელმა იცოდეს – სად მიდის მისი ჯიბიდან გადახდილი თანხა? რახან ეკა კვესიტაძის გადაცემიდან მაინც გვეღირსა ამ ჭეშმარიტების გაგება, იმედი უნდა ვიქონიოთ, როცა საბჭოეთის სიმბოლოების მოვლა-პატრონობაზე გახარჯული და გაუხარჯავი თანხების აღნუსხვა-გადარჩენას დაასრულებს ქ-ნი თამარი, ჩვენც დაგვეხმარება და გაგვარკვევს სად და როგორ იხარჯება ბოლო შვიდი წლის მანძილზე სრულიად საქართველოს გადასახადების გადამხდელთა თანხები. მის მაგიერ მეუხერხულა კიდეც გადასახადების გადამხდელთა სახელით სპეკულირება მაშინ, როცა ჩემი და მისი კოლეგების დიდი არმია ქადაგად არის დაცემული საკუთარი უფლებების ხმამაღლა დეკლარირებითა და საჯარო ინფორმაციის მიღების კანონიერების მტკიცებით.  წლების მანძილზე ამაოდ შვრებიან და მათი კეთილშობილი და ასევე ლეგიტიმური მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე ვერ გაუგიათ – ვინ და რამდენი დახარჯა გრანდიოზულ გასართობ ღონისძიებებში? პრომეთეს ძეგლის დადგმაში, მტკვარზე ახალი საფეხმავლო ხიდის მშენებლობაში და ვინ იცის კიდევ როგორ სიმბოლო-პიარღონისძიებებში… თუმცა ვშორდებით „ბოროტების იმპერიის“ სიმბოლოების თემას და მათთან ლოგიკური დაბრუნება ისევ თ. ჩერგოლეიშვილის ციტატით მინდა „სადაც ღებულობენ საქართველოს კანონებს შენ (ლ.ბუღაძეს ავტ.) ნორმალურად მიგაჩნია ეხატოს ნამგალი და ურო? ეს არ არის ისტორიის წაშლა….“ ……ისევ სპეკულირებს თამარი! სპეკულირებს კანონებით, თავისუფლებით, დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობით, მოკლედ – პატრიოტიზმით და მისდა უნებლიეთ ნეობოლშევიკობანას თამაშობს. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ არასდროს გამიგია მისი საპროტესტო განცხადება მაშინ, როცა სწორედ იმ შენობაში მიღებული კანონები წლობით ირღვევა უგანაჩენოდ? მას არასდროს გაუპროტესტებია უსამართლო კანონებისა და უგუნური გადაწყვეტილებების მიღება განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში, დავიჯერო დევნილებთან მიმართებაშიც ყველაფერი ისე კარგადაა, როგორც  მას წარმოედგინა? თუმცა ყოველივე იმ სიმბოლოების ბრალია და როგორც კი ჩამოვხსნით, ოლოლო!!! ქვეყანაც აშენდება!!!

ეს არ არის ჩემი ისტორია! – სიმონ მასხარაშვილის ისტორიული აქცენტები – ჩემი წინაპარი არ იყო სტალინი და ორჯონიკიძე. ეს იყო რუსული ოკუპაციის პერიოდი…რუსეთი სამჯერ შემოიჭრა და ეს არის საოკუპაციო სიმბოლიკა…თუ ვინმეს ამის გახსენება სჭირდება, წინ დაუდონ პუტინს და მის დედას. მე, სიმონ მასხარაშვილს ეს ისტორია არ მჭირდება, მე მაზოხისტი არა ვარ – სწორად გამიგეთ“.

მგონი სწორად გავუგეთ ბატ. სიმონს, ვინ ოხერს და მამაძაღლს მოსწონს საქართველოს ისტორიის ის ეპიზოდები, სადაც გვიპყრობენ, გვაოხრებენ და გვამცირებენ. ნურც თქვენ დაგვაძალებთ თვალი დავხუჭოთ ოკუპაციის ორასწლოვან ისტორიაზე, ახლებურად გადავწეროთ და თქვენეულ მოდელს მოვარგოთ ისტორია, ნუ დაგვაძალებთ მარტო ძლევამოსილი ბრძოლებითა და მეფეთა მხოლოდ გონივრული გადაწყვეტილებებით გაჯერებული ისტორიით ვიკვებოთ. დიახ, მე ისტორიკოს ბატ. ს. მასხარაშვილზე მოგახსენებთ, რომელსაც ალბათ ასევე სურს და რახან სურს ხელეწიფება კიდევაც ამოიღოს საქართველოს ისტორიიდან დადიანებისა და გურიელების მიერ ჩადენილი სამარცხვინო საქმეები საჯიშე ქართველებს მონებად და მამელუქებად,  რომ ყიდიდნენ; უარყოფს ამილახვარებსა და ფალავანდიშვილებს, ალბათ დიდ მოურავსაც „დაიფრენს“ (თანაც სტალინს ჰყვარებია ავტ.) რატომ? იმიტომ, რომ მასხარაშვილის წინაპრები არ არიან დადიანები, გურიელები, ამილახვრები და  ოკუპანტებთან მოთანამშრომლე ნებისმიერი ქართველი, ისინი უნდა ამოვძირკვოთ ისტორიიდან. ისე, მაგ ლოგიკით თურქეთთან და ირანთან მეგობრული ურთიერთობა რა ქართველის საკადრისი საქმეა!!!

დიახ, მე იმ ისტორიკოს მასხარაშვილზე ვსაუბრობ, რომლის ტონსა და გამომეტყველებაში უკვე დიდი ხანია თვითკმაყოფილება დასადგურებულა. ერთ დროს მაყურებლის თვალში უსამართლობით აღშფოთებული ახალგაზრდა ისტორიკოსი ჩვენ თვალწინ გარდაიქმნა დანოყივრებულ ჩინოვნიკად, რომელიც ნებისმიერი კონიუნქტურის ჰანგზე შესაშური ოსტატობით გალობს მოპოვებული  მდგომარეობის ფასად, რითიც სიმონ-ბატონი მასხარაშვილი უნებლიეთ დაემსგავსა ყველა დროისა და ეპოქის თვითკმაყოფილ ფუნქციონერს.

აქცენტები „ისტორიული“ ვარიაციებით

კარგად ვიცით, რომ აგენტურული ქსელის სწორედ ის ნაწილია მიუწვდომელი, რომელიც შესაძლოა საშიში იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ აზრს თვით ავტორი და პროექტის მომხრეებიც იზიარებენ, თუმცა თემის აქტუალობას და კანონის ამოქმედების აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ პარტია და კომკავშირი ყველას და ყველაფრის სათავეში იყვნენ და ამ პროცესებს აგენტურული ქსელის ჩათვლით სწორედ მაღალჩინოსნები მართავდნენო. ცდებით ბატონებო!!! მართალია ერთპარტიული სისტემა იყო და ოფიციალურად ხელმძღვანელი როლი კომუნისტურ პარტიას ეკისრებოდა, მაგრამ სინამდვილეში არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ უშიშროება ანუ „კა-გე-ბე“ იყო სახემწიფო სახელმწიფოში და არსებითად სწორედ ის მართავდა საბჭოთა კავშირს კარპატებიდან კურილიის კუნძულებამდე და არა ლეონიდ ბრეჟნევი თავის გადამწიფებულ პოლიტბიუროსთან ერთად. მაშ ვის და რატომ დასჭირდა დღეს ამ უსარგებლო და სრულიად მარგინალური თემის ზედაპირზე ამოწევა და სამოციანელებიდან ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობამდე, საბჭოთა საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელების, ბობოლებისა თუ წვრილფეხობის „ჯვარზე“ გაკვრა? ვის და რის წისქვილზე ასხამს წყალს კარგად გამოცდილი კადრების მხრიდან ქვეყნის მართვაში ან რიგით სახელმწიფო სამსახურში მუშაობის სურვილის გაჩენისთანავე მათი ამჯერად უკვე კანონიერი დაბლოკვა? აკი გაოცებულმა ლაშა ბუღაძემაც ეს იკითხა – სულ ნორჩები და ახალგაზრდები გყავთ ხელისუფლებაში და სად დაინახეთ მათი მოსვლის საშიშროებაო?

გარდა ამისა, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია რა სახის აკრძალვას ითვალისწინებს ამ კატეგორიის „ლუსტრაცია“? მათ ეკრძალებათ მაღალი თანამდებობების დაკავება თუ ზოგადად ეკრძალებათ მუშაობა სახელმწიფო სამსახურში? არავინ იცის უტოვებენ თუ არა მათ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას – აირჩიონ და იყვნენ არჩეულები? თუ გადავავლებთ თვალს უახლოეს წარსულს, დავინახავთ, რომ ე.შევარდნაძის დროინდელი ანუ სამოციანი წლების ფუნქციონერებიდან ბევრი არავინ შემორჩა და ამაზე საუბარი ღიმილსაც აღარ იწვევს. სამოცდაათიანი წლების პარტიული და სამეურნეო ხელმძღვანელებიცა და აქტივისტებიც ხანში არიან და არც აქვთ პრეტენზია რაიმე თანამდებობაზე. რჩება ის თაობა, რომელიც ოთხმოციან წლებში მუშაობდა პარტიულ ან კომკავშირულ და სამეურნეო თანამდებობებზე. ეს ის თაობაა, რომლის დიდმა ნაწილმა კარგად იცის მართვა, წიგნიც წაუკითხავს, კარგად არჩევს ერთმანეთისგან კრამიტითა და „ტუფლით“ ღვინის დალევის ტრადიციასა და ჭეშმარიტ ღირებულებებს, მათ არც სტალინის „რკინის ფარდა“ მოსწრებიათ და შესაბამისად მსოფლიოც აქვთ ნანახი, არც ამნეზია დამართნიათ, ვერც ოჯახისა და კუჭის პრობლემების გამო მოხერხდა მათი სამშობლოდან მასობრივი გადახვეწა და შესაბამისად, პროტესტანტი ელექტორატის ბირთვი სწორედ მათ შეადგინეს. ისინი არ არიან ცოტანი. გავიხსენოთ კომუნისტებისდროინდელი ადმინისტრაციული 80-ზე მეტი რაიონული დანაყოფი. გადავამრავლოთ იგი პარტიის,  კომკავშირის და სამეურნეო მუშაკთა სავარაუდო რაოდენობაზე და დავითვალოთ საშუალოდ წლების მანძილზე როგორი სიხშირით იცვლებოდა კადრები. ნამდვილად სოლიდურ ციფრს მივიღებთ. ეს ხომ ის თაობაა, რომლის  ბუნებრივი ცვლა ხელოვნურად ჩაწყვიტეს და მათი უმრავლესობა არარეალიზებული დატოვეს. ე..ი. გაბოროტებულებიც არიანო – დაასკვნეს და ამაზე კარგ საშუალებას რას მონახავდნენ. აი, ასე იქცა საქართველოს მოსახლეობის სოლიდური ნაწილი საეჭვო წარსულისა და უპერსპექტივო მომავლის მქონედ, დღეს სამსახურში არ მიიღებენ ხვალ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ, ზეგ მოღალატეებად გამოაცხადებენ. ამასობაში წამოიჩიტება უვიცობასა და ექსპერიმენტობაში რეფორმებგამოვლილი იოლად სამართავი ახალი თაობაც და ნახეთ ქვეყანა როგორ აშენდეს!!!

მანამდე კი იმედია დაგვიბრუნდება ამ კანონ-პროექტითა და ამერიკული ვოიაჟით კმაყოფილი ქართველი პარლამენტარი სვებედნიერ საქართველოში და კმაყოფილებით მოგვიყვება იმ ბუკლეტებსა და სტიკერებზე წარწერებით „საქართველო ოკუპანტების გარეშე, რუსებო! უნდა დატოვოთ საქართველო!“, რომლებიც ამერიკის კონტინენტის სამი უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრისას დატოვა უკაცრიელ სიმაღლეზე.

ქეთი ბოხუა

Hello world!

Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.